საქართველოს დებიუტი მსოფლიო ქვიშის თამაშებზე - ოქროს და ვერცხლის მედლები
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველო მხოლოდ ქვიშის ჭიდაობაში არის წარმოდგენილი და ქართველმა ფალავნებმა ტურნირი წარმატებით დაიწყეს.
ორშაბათს მედლების კომპლექტი 70 და 90 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდა და ლევან ქელეხსაშვილი ჩემპიონი, ხოლო დავით მარსაგიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ლევან ქელეხსაშვილი 70 კგ. წონითი კატეგორიის „ა“ ჯგუფში გამოდიოდა და სტარტზე აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი ანგარიშით 1:0 დაამარცხა, შემდეგ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს აბდულრაჰმან იბრაჰიმს ანგარიშით 3:0 სძლია. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ბრაზილიელი ჟოა ვიქტორ დოს სანტოს სილვა. ქელეხსაშვილმა ფრედ – 2:2 დაასრულა შეხვედრა უკრაინელ სემენ რადულოვთან, მაგრამ ბოლოს მოპოვებული ქულით გამარჯვება იზეიმა. ლევან ქელეხსაშვილმა ნახევარფინალში ბერძენ ნიკო არუზმანიდის ანგარიშით 3:1 მოუგო, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი, პირველ წრეში დამარცხებულ პანაჰ ილიასლის შეხვდა, აქაც იმარჯვა და ჩემპიონობა იზეიმა.
ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა 90 კგ. წონითი კატეგორიის მოჭიდავეს დავით მარსაგიშვილს. მომავალმა ფინალისტმა „ა“ ჯგუფის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი კანან ალიევს ანგარიშით 3:0 მოუგო, მეორე შეხვედრაში პაკისტანელ მუჰამად ინამთან კი შეხვედრა 1:1 დაასრულა შეხვედრა და ბოლოს აღებული ქულის სანაცვლოდ, გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მარსაგიშვილმა მესამე შეხვედრაში პორტუგალიელ ადაო რაფაელ ანდრადე და სილვას – 3:0, ხოლო შემდეგ უკვე თურქ მურატ ოზკანს ანგარიშით 3:1 სძლია. ნახევარფინალში რუმინელი მიჰაი ნიკოლაე პალაგია – 4:0 დაამარცხა, ფინალში კი სწორედ მას შეხვდა, ვისთანაც ჯგუფის მეორე პაექრობა დათმო. მარსაგიშვილმა პაკისტანელთან რევანშის აღება ვერ შეძლო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დღეს მედლებისთვის დავით ხუციშვილი (80 კგ.) და მამუკა კორძაია (+90 კგ.). იბრძოლებენ.