საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ საათს – 17:10 წუთს ეროვნული ჰიმნის შესრულებით თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. კერძოდ თურქეთში, ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, ირლანდიასა და სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე, ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვაში ვილნიუსის ხიდი, ხოლო – ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშა აღიმართება ოტავას მერიის შენობაზე. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მოეწყობა ესპანეთში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება „ბასიანის“ კონცერტი და ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა, ასევე, შვეიცარიაში გაიმართება ქართველი პიანისტის თამარ ბერაიას კონცერტი, ირანში კი – ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება მოეწყობა. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთში, ლევილში გაიმართება საზეიმო კონცერტი, პოლონეთში კი ვარშავის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით. საქართველოს დამოუკიდებლობას აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იტალიაში ჩატარდება ქართული კინოს ფესტივალი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ასევე დაგეგმილია ბერლინის მერიის ისტორიულ შენობაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გერმანიაში მოღვაწე ქართული ეთნო-ჯაზ ბენდის „გეოთრეინის“ კონცერტი.

დიდ ბრიტანეთში ეროვნული დღესასწაული ქართული დიასპორის ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, რაც შეეხება უნგრეთს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების ფარგლებში უნგრელი მომღერლები (მათ შორისაა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული შ. ბოლიკი) შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ აშშ-შიც, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში ანსამბლ „სულიკოს“ კონცერტი გაიმართება. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად არგენტინაში ბუენოს-აირესში გაიმართება თბილისის სახელობის მოდენის – „თბილისი – პლაზას“ ინაუგურაცია, მოეწყობა ფოტოგამოფენა და საქართველოს ჰიმნი შესრულდება არგენტინის ფედერალური პოლიციის სიმფონიური ორკესტრის მიერ.

სლოვენიაში, 26 მაისთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნება „Georgia Made By Characters“, „Discover Georgia“ და გაიმართება გამოფენა თემაზე: „საქართველოს 30-წლიანი გზა დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით ასევე აღინიშნება აზერბაიჯანში, ქალაქ ფრანკფურტში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, ბელარუსში, პანამაში, რუმინეთში, ეგვიპტეში, კვიპროსში, ნიდერლანდებში, ქალაქ ჟენევაში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, ქალაქ ოდესაში, ლატვიაში, სომხეთსა და საბერძნეთში. ჩინეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა და ფილმის ჩვენება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ავსტრალიაში გაიმართება ავსტრალიური გუნდის „Wordly Goods” კონცერტი, რომელიც ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

სლოვაკეთში ასევე გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სოპრანო იანო ალიბეგაშვილი.

ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება ავსტრიაში, ისრაელში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირლანდიაში, იორდანიასა და უზბეკეთში, რომელთაც ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები უკვე გაიმართა ქალაქ ნიუ-იორკში, დანიაში, კატარში, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ოდესაში, ქალაქ სალონიკში, თურქმენეთსა და ბულგარეთში.