საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი შეაფასეს
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი შეაფასეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ლიდერების დიალოგი – აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი”.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა მიმოიხილეს და შეაფასეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ინიციატივის წარმატების გასაღებად კონფერენციაზე ორი პრინციპი დასახელდა – ინკლუზიურობა და დიფერენციაცია.

აღინიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ძალიან ბევრი სარგებელი ნახა ამ ინიციატივისგან და ამ საქმეში პოლონეთის ღვაწლი და დამსახურება ძალიან დიდია. პოლონეთი, შვედეთთან ერთად, სწორედ ამ ინიციატივის დამფუძნებელი ქვეყანაა და დღეს, 7 მაისს, სიმბოლურად დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს.

როგორც კონფერენციის შესახებ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში მიიღო საქართველომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და გაწევრიანდა ევროპის ენერგოკავშირში, რაც მისი თქმით, თავისთავად დიდი მიღწევებია.

პრეზიდენტებმა დისკუსიის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავების სტრატეგიით დაინტერესდნენ.