საქართველოს დღეს ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი ეწვევა.
10 ივლისს ჩეხი დიპლომატი საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, ასევე „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმს.
ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან.
ტომაშ პეტრშიჩეკი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, სოფელ ხურვალეთს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“
საქართველოში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყანაში საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ ასევე ჩამოვლენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო,
გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.