საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც პირველი არხი უცვლელად გთავაზობთ.
„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდე-ს პრეზიდენტი აირჩიეს, რუსეთიდან, კერძოდ კი, ხანტი მანსიისკიდან დელეგაციაც ესწრებოდა.
ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს.
საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში.