საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში ექსტრარეგიონული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

15:17, 17.12.2018

გასულ კვირაში საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრარეგიონული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა.

„საქართველო ამ რეგიონულ გაერთიანებასთან მეგობართა ჯგუფის წევრის სტატუსით ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში ორგანიზაციასთან მაღალი დონის კავშირები მნიშვნელოვნად გააქტიურდა და დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება სწორედ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია. ეს მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანებაა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და ეფექტური სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობას საფუძვლად დაედება.

„ორგანიზაცია „სიკა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც წარმატებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

ორგანიზაცია „სიკა“ 1993 წელს დაფუძნდა და ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აერთიანებს. ესენია ჰონდურასი, სალვადორი, ნიკარაგუა, კოსტა რიკა და გვატემალა.

მსგავსი