საქართველოს ბრიტანეთიდან საქართველოს მეგობართა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა
საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან მეგობართა ჯგუფი ეწვევა. დელეგაცია 30 პირისგან შედგება, რომელთა შორის იქნებიან გაერთიანებულ სამეფოში 8 ქვეყნის აკრედიტებული მოქმედი და ყოფილი ელჩები (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და რელიგიური ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი მეუღლეები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს, მოინახულებენ სხვადასხვა ქალაქებს, კერძოდ, ქუთაისს, ბორჯომს, გორს, ახალციხეს, ყვარელსა და თბილისს.
„სტუმრები შეხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, დაათვალიერებენ ისტორიულ და არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებს და მოინახულებენ ადგილობრივ საწარმოებს. კერძოდ, ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ვიზიტი ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სადაც გერმანული ინვესტიციით წარმატებით ფუნქციონირებს მზის პანელების წარმოების ახალი ქარხანა (AE Solar). ბორჯომში სტუმრობისას კი სტუმრები მოინახულებენ ლეგენდარული ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანას და გაეცნობიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული საექსპორტო პროდუქტის ისტორიას. ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობა სტუმრებს ექნებათ კახეთის ტურის ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, სტუმრები კარგად იცნობენ საქართველოს, ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებს. სწორედ საქართველოს მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა განაპირობა დიპლომატიური ტურის ორგანიზება. აღნიშნული წარმომადგენლობითი ვიზიტი სახალხო დიპლომატიის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პოპულარიზაციაში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიპლომატიური ტურის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას.
დელეგაცია საქართველოს ხუთ მაისს ესტუმრება.