საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

„ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაეცნენ.

სტუმრები კახეთში მექვევრე ზაზა კბილაშვილს ესტუმრნენ და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის დეტალებს გაეცნენ.

ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს თბილისში, სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან.

ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.