საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების 47 პროცენტი თანამშრომელთა შემცირებას გარდაუვალად მიიჩნევს
საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების 47 პროცენტი თანამშრომელთა შემცირებას გარდაუვალად მიიჩნევს

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

ასოციაცია აღნიშნავს, რომ დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითი გახდა და -46.7 ქულა შეადგინა. შედარებისათვის, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ასოციაციის წევრ ბიზნესებს პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ დასაქმებასთან მიმართებაში, შესაბამისად, დასაქმების ბარომეტრი დადებითი იყო და 26.1-ს შეადგენდა.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ასოციაციის წევრი კომპანიები დასაქმებულთა შემცირებას გარდაუვლად მიიჩნევენ.

„გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ან ვერ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, ან მოუწევს არსებული სამუშაო ადგილების შემცირება. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მხოლოდ 1.9 პროცენტი ელოდება დაქირავებულთა რაოდენობის ზრდას 2020 წლის მეორე კვარტალში, მაშინ როცა 50.9 პროცენტი არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 47.2 პროცენტი გარდაუვლად მიიჩნევს მათ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას. სექტორების მიხედვით გამოკითხული ასოციაციის წევრ ბიზნესებს შორის შედარებით ზომიერი ნეგატიური მოლოდინი დაფიქსირდა მრეწველობის სექტორში, რომელსაც სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლებად შეეხო საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები. მეორე მხრივ, მშენებლობის სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინია, რაც, სავარაუდოდ, კრიზისების დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უნდა უკავშირდებოდეს“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი პოზიტიური მოლოდინი დასაქმებასთან მიმართებაში მშენებლობის სექტორში გამოვლინდა.

BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2020 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრი ბიზნესების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატისა და დასაქმების ბარომეტრის შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაცია მიიჩნევს, რომ BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი და BAG დასაქმების ბარომეტრი მნიშვნელოვანი, ღირებული და ეფექტური ინსტრუმენტი გახდება როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე ხელისუფლებისთვის ბიზნესში არსებული მდგომარეობის გაცნობის, შეფასებისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.