საქართველოს ბიზნესასოციაცია - ეკონომიკური აქტივობის მცირედი შენელებისა და პანდემიის მორიგი ტალღის შესაძლო ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია
საქართველოს ბიზნესასოციაცია - ეკონომიკური აქტივობის მცირედი შენელებისა და პანდემიის მორიგი ტალღის შესაძლო ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

გასულ თვეებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დადებითად აისახა ბიზნესის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაში – 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა 13 ქულით გაუმჯობესების შედეგად, დადებითი 10.8 ქულა შეადგინა.

ამავდროულად, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, ბიზნესის განწყობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუარესდა და კვლავ შესამჩნევად პოზიტიურია. აღნიშნული შეფასება მიუთითებს, რომ ეკონომიკური აქტივობის მცირედი შენელებისა და პანდემიის მორიგი ტალღის შესაძლო ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია.

„BAG – ბიზნესკლიმატის მაჩვენებლის ტრენდი ცხადად გვიჩვენებს, პანდემიის პირველი ტალღის შედეგად გამოწვეული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ბიზნესგარემოს ეტაპობრივ გაუმჯობესებას და „კოვიდ“-პანდემიამდე არსებული მდგომარეობისკენ სვლას. მესამე კვარტალში გრძელდება შეზღუდვების მოხსნის შედეგად წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის III კვარტლის შედეგები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც პანდემიის მიერ შექმნილ გარემოებებთან ბიზნესის მორგებისა და ეკონომიკის გამოცოცხლებით არის განპირობებული“, – აცხადებენ ასოციაციაში.

კვლევის თანახმად, ბიზნესგარემო მკვეთრ გაუარესებას აღარ მოელის, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, „კოვიდ“-პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენა ბიზნესზე შემცირებულია.