„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე რამდენიმე პირის დაკითხვა დასრულდა
„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე რამდენიმე პირის დაკითხვა დასრულდა

თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გლდანის პოლიციის მეორე განყოფილებაში რამდენიმე პირის დაკითხვა დასრულდა.

ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაახლოებით, ათი საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. ორივე მათგანმა პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

ერთ-ერთი ვერსიით,  თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი მასში მყოფ ორ ადამიანთან ერთად ბანკზე თავდასხმამდე, გუშინ ღამით გაიტაცეს. ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, გატაცებულები ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და ადგილიდან მიიმალნენ.

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილის 10:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბანკის შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა. მათვე ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო შენობაში შეჭრილ პირსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის, დაშავებული არავინ არ არის. გასროლის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.