„საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ი.ჯ., ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს.

დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას“, – განმარტავენ შსს-ში.