„საქართველოს ბანკი“ - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი იქნება და დღეში სამჯერ სველი წესით გაიწმინდება
„საქართველოს ბანკი“ - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი იქნება და დღეში სამჯერ სველი წესით გაიწმინდება

„საქართველოს ბანკის“ ყველა ექსპრეს სერვისცენტრი, მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა, თვითმომსახურების რეჟიმზე გადავა, – ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს ბანკი“ ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში მიღებული ზომების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

„ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად შევამციროთ პირისპირი ინტერაქციები, ამიტომ ყველა ფიზიკურ პირს ვთავაზობთ სესხზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას, სახლიდან გაუსვლელად. ამავე მიზნით გადავდივართ ნახევრადდისტანციური მუშაობის მოდელზეც, რაც გულისხმობს ფილიალების ნაწილის თვითმომსახურების სერვისცენტრებად გადაკეთებას და ციფრული არხების გააქტიურებას საქართველოს ბანკი

ამ ყოველივეს ფარგლებში: მომავალი ორი თვის განმავლობაში ფიზიკური პირები შეძლებენ, მობილბანკით და ინტერნეტბანკით ნებისმიერი ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შესრულებას;  ყველა ექსპრეს სერვისცენტრი (მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა) გადავა თვითმომსახურების რეჟიმზე; სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები ჩვეულებრივ იქნება ხელმისაწვდომი და სველი წესით გაიწმინდება დღეში სამჯერ; სატელეფონო მომსახურება განაგრძობს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში; სურვილის შემთხვევაში შეძლებთ ისარგებლოთ სტანდარტული ფილიალებითა და SOLO ლაუნჯებით, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, „საქართველოს ბანკი“ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.