საქართველოს ამერიკიდან სომელიეები და ღვინის იმპორტიორები სტუმრობენ
საქართველოს ამერიკიდან სომელიეები და ღვინის იმპორტიორები სტუმრობენ

ამერიკელი სომელიეები და ღვინის იმპორტიორები ქართულ ღვინოს კახეთში ეცნობიან. ღვინის ექსპერტების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, „მარქ ენერჯის“ დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს.

სტუმრები კახეთში ღვინის რამდენიმე მარანს ესტუმრნენ. წინანდალში დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც მათ 15 კომპანიის ღვინის გაცნობისა და შეფასების შესაძლებლობა მიეცათ.

ჯული პეტერსონის განცხადებით, ამერიკაში ქართული ღვინისადმი ინტერესი მზარდია.

„წელს ჩვენი ვიზიტორების ჯგუფში რვა სომელიე, რესტორნის მფლობელი და იმპორტიორია, რომელთა აქ ჩამოსვლაც აშშ-ში ქართული ღვინისადმი მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ჩვენ „ზერო კომპრომაისზე“ და „ახალი ღვინის ფესტივალზე“ დასასწრებად ჩამოვედით, ასევე კახეთისა და დასავლეთ საქართველოს მოსანახულებლად, რათა ქართული ღვინის მრავალფეროვნებას კარგად გავეცნოთ. საინტერესოა, როგორც ხარისხის განვითარების, ასევე ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობა“ – აღნიშნა მან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის 70-მდე პროფესიონალი სტუმრობს, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს – „ზერო კომპრომაისი’’ და 11 მაისს დაგეგმილ – „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრებიან.

ღვინის მაგისტრები, სომელიეები, ღვინის იმპორტიორები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ეწვივნენ.