საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა დამაჯერებლად დაამარცხა - ოდიშარიამ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა „ბათუმი არენაზე“ მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად რამაზ სვანაძის გუნდს შესარჩევ ციკლის დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმუმის მოპოვება სჭირდება და გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.

მე-13 წუთზე მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა ნოდარ ლომინაძემ ლაშა ოდიშარიას გაუგრძელა, რომლის ჩაწოდების შემდეგ გიზი მამაგეიშვილმა საჯარიმოში სამ მცველს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი კიდევ უკეთ ჩაატარა. 49-ე წუთზე კვერნაძემ გაიტანა, 72-ე წუთზე კი თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულმა გიგი აბუაშვილმა შეძლო. სამივე გოლი ლაშა ოდიშარიას საგოლე გადაცემით გავიდა.

რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან ვენლოში 9 სექტემბერს გამართავს.