U21 | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უპირატესობა შეინარჩუნა – შვედეთმა მოლდოვა ვერ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებთან დამარცხდა, მაგრამ ჩვენთვის სასურველი შედეგი კიშინეუში დაფიქსირდა. ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოლდოვის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
შვედები ფავორიტებად ითვლებოდნენ და მოგების შემთხვევაში საქართველოს 21-წლამდელებს გაუთანაბრდებოდნენ. მათი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა მეორე ტაიმში, როდესაც მოლდოველებს 52-ე წუთზე ნახევარმცველი ილიე ბოტნარი მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის გაუძევეს, მაგრამ მასპინძლებმა შეძლეს და ქულა მოიპოვეს.
ახალგაზრდა „ჯვაროსნებს“ შესარჩევ ჯგუფში ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი – 10 ოქტომბერს უშუალო კონკურენტს, შვედეთს ვესტუმრებით, ხოლო ხუთ დღეში სახლში ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.
შედეგად, ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ C ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა. ნიდერლანდებმა (9 მატჩი – 27 ქულა) ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა, მეორე ადგილისთვის კი დარჩენილ ორ ტურში ბრძოლა ჩვენსა და შვედეთს შორის წარიმართება, რომელიც 2 ქულით ჩამოგვრჩება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 9 ჯგუფის გამარჯვებული და მე-2 ადგილის მფლობელი 3 საუკეთესო გუნდი (მე-6 ადგილზე გასულ გუნდთან მატჩები არ ჩაითვლება) გავა. დანარჩენი 6 გუნდი, რომლებიც ჯგუფებში მეორე ადგილს დაიკავებენ, 2024 წლის ნოემბერში პლეი ოფის ეტაპზე ითამაშებენ და ფინალური ტურნირის ბოლო 3 საგზურის მფლობელს გაარკვევენ. ევრო 2025-ის მასპინძელი სლოვაკეთი ტურნირს ავტომატურად ითამაშებს.
| ადგ | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | ნიდერლანდები | 9 | 9 | 0 | 0 | 29-3 | 27 |
| 2 | საქართველო | 8 | 5 | 1 | 2 | 10-6 | 16 |
| 3 | შვედეთი | 8 | 4 | 2 | 2 | 22-5 | 14 |
| 4 | ჩრდ. მაკედონია | 8 | 3 | 0 | 5 | 5-12 | 9 |
| 5 | მოლდოვა | 9 | 2 | 1 | 6 | 6-18 | 7 |
| 6 | გიბრალტარი | 10 | 1 | 0 | 9 | 3-31 | 3 |