საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 36 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 36 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტების მეშვეობით, რეგულარული და ჩარტერული რეისებით 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, 839 612 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 36 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს – 621 240 მგზავრი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

2018 წლის 3 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724 024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 528 145 მგზავრი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 15 პროცენტით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67 892 მგზავრს მოემსახურა, წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 78 020 მგზავრი შეადგინა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ კვარტალში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36 762 მგზავრმა ისარგებლა. რაც 55 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 23 696 მგზავრი.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ კვარტალში 806 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში, 50 რეისი შესრულდა.