საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უცხოურ შეკრებას ლატვიიდან დაიწყებს #1TVSPORT
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთაგან წლეულს პირველს 20-წლამდელებს უწევთ ფიბა-ს ორგანიზებულ ოფიციალურ ტურნირზე თამაში. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 7-16 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.
B დივიზიონში 20 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეული გუნდის მიზანი საპრიზო ადგილების დაკავებაა, რადგან ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:
VS უკრაინა, 7 ივლისი
VS კოსოვო, 8 ივლისი
VS შვედეთი, 11 ივლისი
VS აზერბაიჯანი, 12 ივლისი
ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა და A დივიზიონის საგზურებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება 1 მაისიდან დაიწყო. კოტე ტუღუშმა ასისტენტებთან – დავით ნოზაძესა და ქაქუცა აბაიშვილთან ერთად 50-მდე კანდიდატი გამოსცადა და გენერალური შეკრებისთვის, რომელიც 10 ივნისს დაიწყება, 16 მოთამაშე შეარჩია.
10 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის და 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – ლატვიასთან და ორჯერ უკრაინის ნაკრებთან. ბალტიისპირეთიდან ჩვენი ნაკრები 20 ივნისს ბულგარეთში გადავა, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბულგარეთსა და საქართველოსთან ერთად ტურნირში შვეიცარია იასპარეზებს თუ შვედეთი, ეს მოგვიანებით გადაწყდება.
24 ივნისს საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2 სპარინგმატჩს გამართავს. უნგრეთიდან კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ნაკრები თბილისში დაბრუნდება და ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, 5 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება.
ლატვიაში ჩვენი ნაკრები 16 მოთამაშით გაფრინდება. შეკრებისა და სპარინგმატჩების შემდეგ სამწვრთნელო შტაბი 12-კაციან, საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს.
gbf.ge