საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ გენერალური რეპეტიცია ნიდერლანდებთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ გენერალური რეპეტიცია ნიდერლანდებთან გამართა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ ამხანაგური მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე გახლდათ ნიდერლანდები, რომელსაც ქართველებმა 9 ივლისს, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 90:71 მოუგეს.

ამჯერად გამარჯვება ნიდერლანდებს დარჩა. თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში საასპარეზოდ ნაადრევად ჩამოსულმა ბენილუქსელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და ქართველებს 77:60 სძლიეს. სტუმრებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რაშიც ლომის წვლილი ​კრააგს მიუძღვის – 16 ქულა და 10 მოხსნა.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 6 მოხსნით ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გამოირჩა. 9 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა ლუკა ლიკლიკაძემ მოაგროვა, 8 ქულა და 6 მოხსნა გიორგი სარალიძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონი სტარტს 15 ივლისს აიღებს. საქართველოს ჯგუფში მეტოქეებად კოსოვო, ავსტრია, შვედეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ჰყავს. ნიდერლანდები კი პირველ ჯგუფშია ისლანდიასთან, ესტონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან ერთად.