საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSORT
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSORT

სამხრეთ აფრიკაში დაიწყო რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 20-წლამდელთა შორის. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 23:33 დამარცხდა

შეხვედრა მასპინძლებმა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიში საჯარიმო დარტყმით სწრაფად გახსნეს, რასაც მალე ლელო და გარდასახვა მიაყოლეს და 10:0 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ ქართველი მორაგბეები შეტევაში უფრო აქტიურად წავიდნენ და ანგარიში მალე შეამცირეს – შედეგიანი შეტევა გუნდის კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა ლელოთი დაასრულა, პეტრე ხიციშვილმა კი ზუსტად გარდასახა – 10:7.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში სამხრეთაფრიკელებმა შეტევაში თამაშს მოუმატეს და საბოლოოდ ტაიმი 20:7 მოიგეს.

მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა უკეთ დაიწყეს – ტაიმის დასაწყისში პეტრე ხუციშვილმა ზუსტი ჯარიმით სხვაობა შეამცირა.

მე-60 წუთზე ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავი შეტევა განახორციელეს, რომელიც ლუკა ცირეკიძის ლელოთი დასრულდა – 20:15.

64-ე წუთზე პეტრე ხუციშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და მეტოქეს კიდევ უფრო მივუხალოვდით – 20:18.

სამხრეთაფრიკელებმა მეორე ტაიმში პირველი ქულების აღება დაახლოებით 27-ე წუთისთვის მოახერხეს – ჯარიმის შემდეგ ანგარიში 23:18 გახდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა კიდე ერთი ჯარიმა გაიტანეს – 26:18.

მატჩის დასრულებამდე საქართველოს ნაკრებმა მესამე ლელო გაიტანა, ქართველმა მორაგბეებმა ტაიმიც მოიგეს (16:13), თუმცა თამაშის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და  საბოლოოდ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 33:23 გაიმარჯვა.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა იტალია 43:15 დაამარცხა.

ლადო კილასონიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ივნისს არგენტინის წინააღმდეგ (18:30) ჩაატარებს, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ეთამაშება (13:00).

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული – მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.