საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე არგენტინა „მშრალი“ ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრებთან ჩაატარა და  20:0 გაიმარჯვა.

საქართველო-არგენტინა 20:0

ლელო – ხორბალაძე, ხონელიძე

გარდსახვა – ხუციშვილი (2)

ჯარიმა – ხუციშვილი (2)

თამაში არგენტინელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ქართველი მორაგაბეები ძლიერ მეტოქეს კარგად დაუდგნენ და თანდათან თამაშიც გაათანაბრეს. მე-18 წუთზე ლუკა ხორბალაძემ კარგად ისარგებლა არგენტინელების შეცდომით, ლელოს დადებაც მოახერხა, რომელიც პეტრე ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.

ლელოს შემდეგ თამაშს, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, ერთ ეპიზოდში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ იმ ეპიზოდში სამხრეთამერიკელებმა თავი კარგად დაიცვეს, თუმცა ვერ გადარჩნენ 36-ე წუთზე, როდესაც ქართველებმა საკუთარი დერეფანი მოიგეს, კარგი მოლი ჩამოაყალიბეს და საბოლოოდ შეტევა ბასა ხონელიძემ ლელოთი დაასრულა. ხუციშვილი გარდასხვისას ამჯერადაც ზუსტი იყო – 14:0 – ტაიმი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

აქტიურად დაწყეს უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმიც და სტარტზევე მოახერხეს უპირატესობის გაზრდა – პეტრე ხუციშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 20:0 გახდა.

მატჩის დარჩენილი დრო ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად ჩაატარეს – თავსაც კარგად იცავდნენ, სახიფათო შეტევებსაც ახორციელებდნენ და საბოლოოდ მშრალი ანგარიშით გაიმარჯვეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა იტალიასთან 26:34 დამარცხდა.

ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას 4 ივლისს იტალიასთან ჩაატარებს (13:00). ორი ტურის შემდეგ საქართველოს, სამხრეთ აფრიკას, იტალიასა და არგენტინას თითო-თითო გამარჯვება აქვთ. ჩვენი გუნდის გარდა, ყველას ბონუს ქულა აქვს, შესაბამისად, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებელია იტალიასთან გამარჯვება და ბონუს ქულის მოპოვება.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას, ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი 5-8 ადგილებისთვის ითამაშებს, ერთი მესამეადგილოსანი და მეოთხე ადგილზე გასული სამი გუნდი კი 9-12 ადგილებს გაითამაშებენ.

მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.

1. არგენტინა 2 1 0 1 43:35 5
2. სამხ. აფრიკა 2 1 0 1 59:57 5
3. იტალია 2 1 0 1 49:69 5
4. საქართველო 2 1 0 1 43:33 4