საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მალტა დაამარცხა და ჯგუფში მეორეზე გასვლის შანსი აქვს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა მალტას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და წარმატებას მიაღწია.
B ლიგის მე-4 ჯგუფის შეხვედრა ტა ქაალის „სენთენარი სთედიუმზე“ გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი კარგად დაიწყო და 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ლიზი მწყერაშვილის გადაცემით მალტელთა კარი ეთერ სულაშვილმა აიღო. მეორე ტაიმში ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ეს დაძაბული დაპირისპირება საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 1:0.
მანამდე ჩვენი გუნდი ერთ-ერთ ფავორიტთან, რუმინეთთან 1:2 დამარცხდა (გოლი ლიზი მწყერაშვილმა გაიტანა), ისრაელთან კი ქულა ეთერ სულაშვილის გოლით მოვიპოვეთ 1:1 და ჯგუფი 4 ქულით დავასრულეთ, რაც უდავოდ წარმატებაა.
რომელ ადგილზე დაასრულა გუნდმა გამოსვლა, ჯერ უცნობია, რადგან ჯგუფის ლიდერების, რუმინეთისა და ისრაელის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, რაც ბოლო ტურში უცნაური გადაწყვეტილებაა. რუმინეთმა 2-ბურთიანი სხვაობით თუ მოიგო, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს – მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვერ ითამაშებს.
უეფა-ს გადაწყვეტილებით 2021-22 წლების სეზონიდან გოგონათა ასაკობრივი ტურნირების ფორმატი შეიცვალა. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპს და ელიტ-რაუნდს, უეფა-ს ერთა ლიგის მსგავსი გათამაშება ჩაანაცვლებს. ფინალურ ეტაპამდე გუნდები ორ რაუნდიან შესარჩევ ეტაპს გაივლიან.
პირველ რაუნდში ტურნირის მონაწილე 52 ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდება. A ლიგაში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, B ლიგაში კი – ექვსი. მეორე რაუნდში A ლიგაში ასპარეზობის უფლებას B ლიგის ექვს პირველადგილოსანთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. ასეთი კი ჯერჯერობით B ლიგის მე-2 ჯგუფის მეორეადგილოსანი ბულგარეთია (6 ქულა, ბურთების სხვაობა +7)
შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში დარჩენილი 28 გუნდი წილისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, სადაც მათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება.
საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის 8 ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.
მალტა U19 – საქართველო U19 0:1
გოლები: 0:1 სულაშვილი (32. მწყერაშვილის პასით)
საქართველო U19: ეკა თაბაგარი – ნინო ჯგუშია, ანი ძაძუა, თამარ სვანიძე, მარიამ კაპანაძე – ელენე კახნიაშვილი, მაიკო ბებია – ლიზი მწყერაშვილი, მარიამ მოდრეკილაძე (79. მარი ბეგიაშვილი), ელენე ენჯიბაძე (90+5. ანა გობრონიძე) – ეთერ სულაშვილი
სათადარიგოები: ლიკა ცუხურკაიძე, თამუნა წიქარიძე, ლიზი კანდელაკიშვილი, ანი აკობიძე, დიანა ბაქრაძე, მარია-იზაბელა მელიქიშვილი, მარიამ წიქარიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი