საქართველოს 18-წლამდე ნაკრები უნგრეთს ცხრა მოთამაშით დაუზავდა #1TVSPORT
დებრეცენში საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უნგრეთის თანატოლთა გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ დასრულდა.
65-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა ნაკრების კაპიტანი, მუხრან ბაგრატიონი მოედნიდან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გააძევა – ჩვენმა კაპიტანმა უნგრელი შემტევის უხეშობაზე რეაგირება მოითხოვა და მსაჯმა პირველი ყვითელი ბარათის შემდეგ რამდენიმე წამში მეორეც აჩვენა. 70-ე წუთზე კი არბიტრმა მასპინძლებს კიდევ ერთხელ მისცა უპირატესობა და გიორგი ხიზანიშვილიც გააძევა.
თუმცა ასეთ რთულ ვითარებაში დარჩენილ გუნდს 72-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი მიეცა. დიმიტრი ღურწკაიამ სწრაფი ფლანგური გარღვევის შემდეგ საჯარიმოში ლუკა წულუკიძე მოძებნა, მაგრამ მისი დარტყმული მოწინააღმდეგეს შეეხო, კარს მცირე მანძილით ასცდა და საბოლოოდ, ფრე – 0:0.
ამით ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა უნგრული შეკრება დაასრულა. 18-წლამდელებმა პირველ მარტს უნგრეთს მინიმალური სხვაობით – 1:0 სძლიეს, სადაც გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანიდან გუნდის კაპიტანმა მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, მომდევნო მატჩებს პორტუგალიის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე გამართავს, მატჩები 25, 27 და 29 მარტს ჩატარდება.
U18 | მარტის განრიგი
25 მარტი
პორტუგალია – საქართველო
27 მარტი
საქართველო – სლოვაკეთი
29 მარტი
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია