საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩი გამართა და 2:0 დამარცხდა.

სალომე ხუბულურის გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელს, ფარერის კუნძულების ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა – პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი შესვენების შემდეგ მოხდა.

ფარერების ნაკრებმა ანგარიში 67-ე წუთზე გახსნა. საქართველოს ნაკრებს ბრა ზაქარიასარდოტირმა გაუტანა, რომელიც მატჩის გმირი გახდა. მანვე 86-ე წუთზე კარის ბადე მეორედ შეარხია და დუბლით მასპინძლებს მოაგებინა.

რუმინეთის ნაკრებმა, რომელმაც პირველ ტურში 2:1 მოგვიგო, ამჯერად ლატვია 2:0 დაამარცხა და 6 ქულით პირველ ადგილზე დაწინაურდა. 3-3 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ლატვია და ფარერები ინაწილებენ, საქართველოს ნაკრები კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა გუნდი 23 მარტს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.