საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და ევრობასკეტის B დივიზიონის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
რუმენთში მიმდინარე ევრობასკეტის B დივიზიონში მეოთხედფინალური შეხვედრა მოიგო საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გუნდმა პლეი ოფის პირველ ეტაპზე ესტონეთის ნაკრებს 79:66 სძლია.
მატჩი ესტონელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათ 25:11 მოიგეს. საქართველოს ნაკრები თამაშში მეთოდურად დაბრუნდა და პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ შვიდი ქულით მარცხდებოდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში უპირატესობა მთლიანად ქართველი კალათბურთელების მხარეს გადავიდა. მესამე მეოთხედში ჩვენმა გუნდმა 24:13 გაიმარჯვა და დასკვნით ათ წუთშიც მეტოქეს ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ავთანდილ ბახტაძე, მან თავის გუნდს 16 ქულა, 13 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 13-13 ქულა ჰქონდათ ილია სულაძესა და გერა ჭეიშვილს, ხოლო 11 – გიორგი ნიკოლაევს. 8-8 ქულა ჩაიწერეს აქტივში მათე ხატიაშვილმა და თენგო ენუქაშვილმა.
ამ გამარჯვებით ქართველი კალათბურთელები ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ და A დივიზიონის საგზურს ძალიან მიუახლოვდნენ. მომდევნო ეტაპზე საქართველოს მეტოქე სლოვაკეთისა და ხორვატიის 16-წლამდელთა შორის გამარჯვებული იქნება.
A დივიზიონში სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გადადის.