საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ხორვატიას შეხვდება - გამარჯვებული A დივიზიონის საგზურს მიიღებს #1TVSPORT
რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები დღეს ხორვატიას დაუპირისპირდება.
ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს (მასპინძელ რუმინეთთან). რაც შეეხება ხორვატიას, ბალკანელები ამ შეჯიბრების ფავორიტებად ითვლებიან. ხორვატიის ნაკრებმა მეოთხედფინალში სლოვაკეთს მხოლოდ 35 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 85 ქულის დაგროვება შეძლო. ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტად დანიასთან გაუჭირდა და ის თამაშიც 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მიმდინარე ევრობასკეტზე საუკეთესო ავთანდილ ბახტაძეა, რომელიც საშუალოდ 18 ქულას, 9.6 მოხსნასა და 1.2 დაფარებას აგროვებს. 2.09 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელი B დივიზიონის გათამაშების MVP-ის ტიტულის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება. მეორე საუკეთესო შედეგი ევრობასკეტზე ჩვენი გუნდიდან ილია სულაძეს აქვს – 11 ქულა, 5 მოხსნა, 1.6 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ თამაშში.
ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის საგზურიც გათამაშდება, რადგან უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლებას ტურნირზე 3 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მიიღებს. შესაბამისად, დამარცხებულიც A დივიზიონისთვის ბრძოლას მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გააგრძელებს და რუმინეთი/ბულგარეთის წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული გუნდების ნახევარფინალური მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, მისი ხილვა FIBA-ს ოფიციალურ არხზე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ნაკრების გზა ნახევარფინალმდე:
საქართველო – ბოსნია ჰერცოგოვია (ჯგუფური ეტაპი) 90:61
საქართველო – რუმინეთი (ჯგუფური ეტაპი) 62:66
საქართველო – ავსტრია (ჯგუფური ეტაპი) 81:65
საქართველო – ისლანდია (ჯგუფური ეტაპი) 96:71
საქართველო – ესტონეთი (მეოთხედფინალი) 79:66
ევრობასკეტის B დივიზიონი I ნახევარფინალური ეტაპი:
საქართველო – ხორვატია
რუმინეთი – ბულგარეთი