საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა და B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დაძლევის რეალური შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა გამართა და ავსტრიის ნაკრები 81:65 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის პირველი მეოთხედი წააგეს, თუმცა მეორე მეოთხედიდან სათამაშო რიტმი იპოვეს და პირველი ტაიმი ექვსქულიანი უპირატესობით მოიგეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის მესამე მეოთხედი, რომელშიც ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გუნდმა 28:17 გაიმარჯვა, ხოლო დასკვნით ათ წუთში უპირატესობა შეინარჩუნა და აქტივში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო ავთანდილ ბახტაძე 18 ქულით და 9 მოხსნით. გუნდს 13 ქულით დაეხმარა მათე ხატიაშვილი, ხოლო ნაკრებს 10 ქულა შესძინა ილია სულაძემ.
ავსტრიელებთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დღეს ჩვენი გუნდი ისლანდიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფში გავა. ამჟამად ისლანდიასაც და საქართველოსაც 2-2 გამარჯვება და 1-1 მარცხი აქვთ.