საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა ისლანდიასთან გამართა, 96:71 გაიმარჯვა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენმა გუნდმა მხოლოდ შეხვედრის მესამე მეოთხედი დათმო, ხოლო დანარჩენი დროის მანძილზე თამაშზე კონტროლი არ დაუკარგავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 22 ქულით გიორგი ცაგარეიშვილი იყო. 20 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა ტურნირზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ავთანდილ ბახტაძეს. 17 ქულით ნაკრებს დაეხმარა გიორგი ნიკოლაევი.
ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გუნდმა B დივიზიონის A ჯგუფში ოთხიდან სამი თამაში მოიგო, ნაკრებმა მხოლოდ მასპინძელ რუმინეთთან წააგო და მეორე ადგილი დაიკავა.
მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს ჩაატარებს, ჩვენი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით, B ჯგუფის შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.