საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა გამართა და მასპინძელ რუმინეთთან 62:66 დამარცხდა.
მატჩის პირველი მეოთხედი ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 19:15. რუმინელებმა თამაშში შესვლა მეორე მეოთხედში მოახერხეს, რიტმი იპოვეს და დიდი შესვენების წინ 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 37:31.
ქართველებმა მესამე მეოთხედში თამაშში დაბრუნება მოახერხეს, სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. ძალიან დრამატული აღმოჩნდა მატჩის დასკვნითი მეოთხედი. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე რუმინელთა უკანახაზელმა, სერბან-მიჰაი მატეამ სამქულიანი ჩააგდო. საპასუხოდ, ქართველმა კალათბურთელებმა ბურთის კალათში მოთავსება ვეღარ შეძლეს და მატჩიც დათმეს.
ილია სულაძემ და ავთანდილ ბახტაძემ ნაკრებს 14-14 ქულა შესძინეს, 13 ქულა ჰქონდა გიორგი ნიკოლაევს, ხოლო 10 – მათე ხატიაშვილს.
საქართველოსა და რუმინეთის გარდა, ამავე ჯგუფში ავსტრიის, ბოსნიისა და ისლანდიის ნაკრებები ასპარეზობენ, პლეი ოფში კი საუკეთესო ორი გუნდი გადის. ძიძიგურისა და ტყეშელაშვილის გაწვრთნილი ნაკრები მომდევნო მატჩს 8 აგვისტოს ავსტრიასთან ჩაატარებს.