საქართველომ ნიდერლანდები ალმერეში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მოგებაღა აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნიდერლანდებში ითამაშა. შეხვედრის წინ ფავორიტად ჩვენი გუნდი მიიჩნეოდა, თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და იოლი გამარჯვება არ გამოვიდა. საბოლოოდ, 88:80 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მსოფლიო ჩემპიონატამდე რჩება ერთი მატჩი, რომელიც აუცილებლად მოსაგებია: 26 თებერვალს საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოზე ითამაშებს.
„ჯვაროსნებს“ წინა ხაზში ჰყავს თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე. მათ წინააღმდეგ ფარქვეშ თამაში შეტევაშიც რთულია და დაცვაშიც. ნიდერლანდელებს დაცვაში მართლაც გაუჭირდათ – პირველ ტაიმში ჩაგდებული 35 ქულიდან საქართველოს ნაკრებმა 24 ფარქვეშიდან მოაგროვა. თუმცა, „ნარინჯისფრებს“ შეტევაში სულაც არ გასჭირვებიათ, ოღონდ არა შერმადინი-შენგელიას წინააღმდეგ – მათ თამაში ფარქვეშიდან პერიმეტრზე გადაიტანეს და საწყის 20 წუთში 15-იდან 9 სამქულიანი ჩააგდეს.
სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გაიმარჯვა ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში – 42:35.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 11 ქულით ჩამორჩა, თუმცა დაცვაში ყურადღებიანი თამაშის წყალობით სხვაობა მალე შემცირდა და როცა თორნიკე შენგელია მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სათადარიგოთა სკამზე დასვა, ანგარიში თანაბარი იყო – 62:62. კაპიტნის ნაცვლად თამაშში ბექა ბურჯანაძე ჩაერთო, რომელმაც მოედანზე შესვლისთანავე სამქულიანი ჩააგდო და გუნდი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად დააწინაურა – 65:62.
თამაშის შემოტრიალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამქულიანები იყო: თუ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს ერთადერთი სამიანი ჰქონდა რეალიზებული, მესამე პერიოდში 5 შორეული ტყორცნა გამოიყენა.
გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთი აღმოჩნდა. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე თად მაკფადენმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა (82:75), რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
ილიას ზუროსის კრებულიდან ყველა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში – ცინცაძე გონივრულად ათამაშებდა ბურთს, ანდრონიკაშვილს ენერგია შეჰქონდა მოედანზე, ბერიშვილი ტრადიციულად პერიმეტრზე იყო სახიფათო, ბურჯანაძემ მოედანზე პირველივე შესვლით გარდატეხა შეიტანა, მაკფადენის გადამწყვეტ სამიანზე უკვე დავწერეთ.
თუმცა, პირველი წუთიდან ბოლომდე ლიდერის ფუნქცია კარგად შეასრულეს თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა. თოკომ გადამწყვეტ მომენტში არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ 25 ქულა ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია. ერთით ნაკლები სარგებლიანობის მაჩვენებელი ჰქონდა შერმადინს, რომელმაც 9-იდან 9 სროლა ჩააგდო და მატჩი 22 ქულით დაასრულა.
ჯგუფის სხვა მატჩები:
ისლანდია-ესპანეთი 61:80
იტალია-უკრაინა 85:75