საქართველომ კანადა 54:22 დაამარცხა
საქართველომ კანადა 54:22 დაამარცხა

შეხვედრის პირველი ტაიმი “ბორჯღალოსნებმა” 23:8 მოიგეს.

მეორე ნახევარიც მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. კანადელები საკუთარ 22 მეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ, რაც მათიაშვილმა სამ ქულად აქცია – 26:8.

ამის შემდეგ კვლავ “ბორჯღალოსნები” უტევდნენ. ხუთმეტრიან ზონაში რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი ლელოს ხაზზე ლევან ჩილაჩავამ დაამიწა. მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები წინ უკვე 25 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

გაშვებული ლელოს შემდეგ კანადელები გააქტიურდნენ, ქართველთა დაცვაში ცარიელი ადგილი მოძებნეს და ანგარიშში სხვაობა გარდასახული ლელოთი შეამცირეს.

25 ქულიანი უპირატესობა ნაკრებს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დაუბრუნა. მან კანადელთა მგეზავს დაუფარა, ბურთს დაეწია, თავადვე დაეუფლა და მორიგი სანაკრებო ლელო დადო – 40:15.

მეორე ტაიმში ქართველები დაცვაში ბევრად უყურადღებოდნენ თამაშობდნენ, რითიც სტუმრები კარგად სარგებლობდნენ. შარიქაძის ლელოს ორიოდ წუთში კანადელთა გარემარბის, სთოლერის ლელო მოჰყვა. საქართველო 40:22 კანადა.

დადებული ლელოს შემდეგ ისევ კანადელები აქტიურობდნენ, თუმცა მათ მიერ შეტევაში დაკარგულ ბურთს სოსო მათიაშვილი დაეუფლა და გადაიკიდა. თითქოს ბურთი მოედნის ფარგლებს ტოვებდა, მაგრამ მათიაშვილმა მიასწრო და დაამიწა. მსაჯმა ლელო ვიდეო რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ჩათვალა.

მატჩის ბოლო წუთებზე ქართველები მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში გამაგრდნენ და ლელო ასიეშვილმაც მიითვალა.

სოსო მათიაშვილმა შეხვედრაში 34 ქულა გააკეთა (2 ლელო, 6 გარდასხვა, 4 ჯარიმა).

გიორგი კვესელაძეს კი სანაკრებო დებიუტი დაბადების დღეზე მოუწია და გამარჯვებით აღნიშნა.

“ბორჯღალოსნებმა” კანადელები 32 ქულიანი სხვაობით პირველად დაამარცხეს.

საბოლოო ანგარიში – საქართველო 54:22 კანადა.