საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

15:59, 15.07.2026

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კოორდინაციით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა – LARA დაინერგება. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს – შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა მოაწერეს.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სისტემის დანერგვის პრაქტიკული ღონისძიებები და საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. აღინიშნა, რომ LARA-ს სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ოპტიმიზაციას და სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

LARA (Local and Sub-Regional Airspace Management Support System) არის EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ავტომატიზაცია და საჰაერო სივრცის მოქნილი გამოყენების (FUA) კონცეფციის ეფექტიანი რეალიზება. სისტემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამხედრო საჭიროებებისთვის საჰაერო სივრცის ოპერატიულ განაწილებასა და მართვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლას ევროკონტროლთან, რაც აუცილებელია საჰაერო სივრცის დაგეგმარებისა და ეფექტიანი სარგებლობისთვის. პროექტი EUROCONTROL-ის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, როგორც საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე უწყება, განაგრძობს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას როგორც სტრატეგიულ, ისე პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი