საქართველომ აშშ ერთქულიანი სხვაობით დაამარცხა
საქართველომ აშშ ერთქულიანი სხვაობით დაამარცხა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო აშშ-ს 21:12 ამარცხებდა.

მეორე ტაიმის პირველი ათი წუთი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და გუნდებმა ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს. «ბორჯღალოსნებმა» მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში შერკინება მოიპოვეს და კარგადაც მიაწვნენ, თუმცა ბურთი დაკარგეს და რაქში დაჯარიმდნენ.

ამის შემდეგ ამერიკელებმა პოზიციური ორთაბრძოლა მოიგეს და თამაში მასპინძლების ნახევარზე მიმდინარეობდა. 58-ე წუთზე მეორე ტაიმის პირველი ქულები მაკგინთიმ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა – 21-15.

ქართველთა მომდევნო იერიშზე უკვე სტუმრები დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა 45 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ვერ გაიტანა. 


მასპინძლები მეტოქის ნახევარზე დაბანაკდნენ და ხაზსაც ხშირად ჭრიდნენ, თუმცა ლელოს დადება ვერ მოახერხეს. 


65-ე წუთზე მოანგალოა შერკინებაში დაჯარიმდა და ყვითელი ბარათით დაისაჯა.


73-ე წუთზე «ბორჯღალოსნებმა» კაცნაკლული მეტოქის დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ გაჭრეს, თუმცა სტუმრებმა შეტევის მოგერიება მაინც მოახერხეს. 


შეხვედრის მეორე ტაიმის პირველი ლელოც სტუმრების ანგარიშზეა. მრავალფაზიანი შეტევა კიდესთან ახლოს ბრაის კემფბელმა დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 21:20 საბოლოო ანგარიში.