საქართველო აშშ–ს პირველ ტაიმში ამარცხებს
საქართველო აშშ–ს პირველ ტაიმში ამარცხებს

“მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრები ნოემბრის მესამე ტესტ მატჩში აშშ–ს ნაკრებს მასპინძლობს.

მატჩის პირველი წუთები მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, გუნდის პირველივე შეტევაზე ხაზი გიორგი კვესელაძემ გაჭრა, თუმცა შემდეგ ფაზაზე მორკინალებმა პასი ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრის პირველი შერკინება დაინიშნა.

ამის შემდეგ «არწივები» დომინირებდნენ, ჯერ ხაზზე გაათამაშეს სწრაფად ბურთი, შემდეგ კი მოპოვებული ჯარიმა კიდეზე გადაიტანეს და დერეფნიდან აგორებულ მოლს შეხვედრის პირველი ლელო მოჰყვა (ტაუტეპეჰე 6’).

«ბორჯღალოსნებმა» ხაზი მეორედაც გაჭრეს, თუმცა გელა აფრასიძეს ფეხი აუსრიალდა და შეტევა ქართველთა შერკინებით დასრულდა. მასპინძლები აქტიურად უტევდნენ და მე-15 წუთზე მოპოვებული ჯარიმა კიდეზე გადაიტანეს. აგორებული მოლი «არწივებმა» ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, რასაც ქართველთა შერკინება და საჯარიმო ლელო მოჰყვა (17’) – 7:5.


23-ე წუთზე ვიქტორ კოლელიშვილი უხეშობის გამო ყვითელი ბარათით დაისაჯა, რასაც ამერიკელთა მორიგი დერეფანი, მოლი და ლელო მოჰყვა. მაკგინთიმ ამჯერად გარდასახვა უშედცდომოდ შეასრულა – 7:12. 


მეორე გაშვებული ლელოს შემდეგ კვლავ მასპინძლები გააქტიურდნენ. კაცნაკლულმა «ბორჯღალოსნებმა» მრავალ ფაზიანი შეტევისას მეტოქის ხაზი არაერთხელ გაჭრეს და 28-ე წუთზე ლელო ლევან ჩილაჩავამ დაამიწა. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 14:12. 


ქართველები დისციპლინაში ბევრს სცოდავნენ. 31-ე წუთზე მსაჯმა ჩილაჩავას მხრიდან უხეშობა დააფიქსირა, რასაც მორიგი ყვითელი ბარათი მოჰყვა. მასპინძლები მოედანზე 13 კაცით დარჩნენ.


„არწივებმა» ბურთი კვლავ დერეფანში გადაიტანეს და მოლის ჩამოყალიბება სცადეს, თუმცა «ბორჯღალოსნებმა» მათ უკან დაახევინეს და მეტოქე დააჯარიმეს. 


პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლების მესამე ლელო ჯაბა ბრეგვაძემ კვლავ მოლის შემდეგ დადო. მათიაშვილმა გარდასახვა კვლავ უშედცომოდ შეასრულა – 21:12.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩხაიძემ ნაკრებში მე–100 კეპი მოიხვეჭა.