საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 13.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 13.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება. საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი შედეგები საქსტატმა გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი). სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 1 716.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 533.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირიდან იმპორტმა კი – 1 950.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (21.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2 483.4 მლნ. აშშ დოლარია – 19.6 პროცენტით მეტი.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 161.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 47.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 942.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (20.3 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან ამ პერიოდში 3 104.0 მლნ. აშშ დოლარზე დაფიქსირდა –  29.2 პროცენტით მეტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.