საქართველო XV რუსეთის „ა“ ნაკრებთან 3-12 დამარცხდა
საქართველო XV რუსეთის „ა“ ნაკრებთან 3-12 დამარცხდა

კრასნოდარის სტადიონ ტრუდზე დასრულდა სარაგბო მატჩი საქართველო XV-სა და რუსეთის „ა“ ნაკრებს შორის. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რასაც მოედნის ცუდი მდგომარეობაც დაემატა და შედეგად პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, რაც სპორტის ამ სახეობაში არც თუ ხშირად ხდება.

მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-18 წუთზე მათ საქართველოს ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწება მოახერხეს, რასაც არაზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და რუსეთის ნაკრები წინ გავიდა – 5-0. 21-ე წუთზე პირველი ქულები ქართველებმაც აიღეს: ბექა წიკლაურის ზუსტი საჯარიმო და ანგარიში 5-3 გახდა.

დარჩენილმა დრომ ქართველი მორაგბეების შეტევებში ჩაიარა და რამდენჯერმე ჩვენი ნაკრები ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ხან სიზუსტე აკლდებოდათ და ხან რუსი რეფერი საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდა.

მატჩის მიწურულს რუსეთის ნაკრებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და მასპინძლებმა 12-3 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 მარტს, კრასნოდარის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ძირითადი ნაკრებები დაუპირისპირდებიან.