17 მარტს 2019 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონები – ბორჯღალოსნები ტურნირის დასკვნით შეხვედრას პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის ნაკრებთან გამართავენ, ერთი დღით ადრე კი, 16 მარტს საქართველო XV რუსეთის „ა“ ნაკრებს ეთამაშება. მატჩები კრასნოდარში გაიმართება.
საქართველო XV რუსეთის „ა“ ნაკრებს სტადიონ „ტრუდზე“ 16:00 საათზე შეხვდება. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, ქომაგებს თამაშის ხილვის შესაძლებლობა სთრიმის საშუალებით ექნებათ.
რაგბის კავშირის ცნობით, რადგან შეხვედრა ოფიციალური ხასიათის არაა, ბესიკ ხამაშურიძე გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფ 25-ივე მორაგბეს ათამაშებს. მატჩის რეფერი რუსი გეორგი კოპი იქნება, რომელსაც კიდეებიდან კრასნოდარელი მსაჯი ლევ სლეპცოვი და სამხრეთ აფრიკელი ტალა სიმო ნტშაკაზა დაემატებიან.
დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული საქართველო XV პირველად გასული წლის ზაფხულში შეიკრიბა და „ზაფხულის“ თასზე არგენტინა XV ანგარიშით 23:22 დაამარცხა, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 20:18.
საქართველო XV წელს მინიმუმ ერთხელ კიდევ შეიკრიბება და ივნისში ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.
ბორჯღალოსნები „რუს დათვებს“ 17 მარტს, ასევე 16:00 საათზე კრასნოდარის ცენტრალურ, „ყუბანის“ სტადიონზე ეთამაშებიან და თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის გაგრძელებას ეცდებიან.
რაგბის კავშირის ცნობით, 1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი) თბილისში ფრედ ითამაშეს – 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, აქედან ზედიზედ 17 მატჩში, გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ. „დათვები“ ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს „მიხეილ მესხზე“ დავამარცხეთ – 46:0. მშრალი ანგარიში დაფიქსირდა 2015 წელსაც და კვლავ ვაკეში სტუმრები 33:0 დავჯაბნეთ. სტუმრად გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობა შარშან, სწორედ კრასნოდარში დაფიქსირდა და მაშინ მე-20, საიუბილეო გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოვიპოვეთ – 29:9. კრასნოდარში რუსებთან სულ 4-ჯერ გვითამაშია და ოთხი მოგება გვაქვს. 21-ე საუკუნის დასაწყისში „დათვები“ სწორედ ამ ქალაქში გვმასპინძლობდნენ და 2001 წელს 25:23, 2003 წელს 23:17, ხოლო 2004 წელს 27:15 ვძლიეთ. კრასნოაირსკში და სოჭში თამაშების შემდეგ, მეტოქემ კრასნოდარში შარშან დაგვაბრუნა და მზარდი დინამიკა შენარჩუნდა – 29:9. სულ ამ გუნდთან 11-ჯერ გვითამაშია შინ, 8-ჯერ სტუმრად და 3-ჯერ ნეიტრალურ მოედანზე (20 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მეტოქისთვის გატანილი გვაქვს 63 ლელო და მიღებული 16, გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი კი 557:254-ზეა.
„ყუბანის“ სტადიონი 1960 წელს გაიხსნა და 35 200 მაყურებელს იტევს. მომავალ შეხვედრას ინგლისელი რეფერი ტომ ფოლი მოემსახურება. კიდეებიდან მას ასევე ინგლისელი ენტონი ვუდტორპი და ფილ უოტერსი დაეხმარებიან.
წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბორჯღალოსნებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდნენ. კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევის შემდეგ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა „ავჭალაზე“ ესპანეთს 24:10 მოუგეს, ბრიუსელში ბელგია ბონუსით, 46:6 დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ გერმანიას ქუთაისში ასევე ბონუსით, 52:3 მოუგეს. ამ ოთხ მატჩში ჩვენმა გუნდმა გაიტანა 22 ლელო და გაუშვა ორი, ორივე ესპანეთისგან.
მას შემდეგ, რაც 2018 წლის სკანდალს რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები „შეეწირენ“, რუსეთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მიიღო და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლინ ჯონსი მიიწვია. მიუხედავად ამისა, წლევანდელ რაგბი ევროპაზე „დათვები“ ორივე მთავარ კონკურენტთან დამარცხდნენ, თუმცა მცირე სხვაობით – ესპანეთთან მადრიდში 14:16 და რუმინეთთან ბოტოშანში 20:22. აღსანიშნავია, რომ რუსებმა რუმინელებს ოთხი ლელო გაუტანეს და თავად ერთი გაუშვეს, მაგრამ მოგება მაინც ვერ მოახერხეს. დანარჩენ ორ მატჩში „დათვებმა“ ბელგიას სოჭში ბონუსით (64:7), ხოლო გერმანიას ჰაიდელბერგში მოუგეს (26:18). შედეგად, რუსეთს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. განვლილ ოთხ მატჩში მათ გაიტანეს 20 ლელო და მიიღეს 5.