საქართველო VS სერბეთი პირველ არხზე - სავსე „თბილისი არენა“ რეკორდსმენ გიორგი ცინცაძეს კალათბურთიდან გააცილებს #1TVSPORT
09:03, 26.02.2024
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 26 თებერვალს ევრობასკეტი 2025-ის მეორე შეხვედრას მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, სერბეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. რადიორეპორტაჟს საქართველოს რადიოზე (FM 102.3) მოისმენთ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველომ დანიაში 69:75 წააგო, ხოლო სერბეთმა ბელგრადში ფინეთს 77:61 სძლია. ფინეთმა საკვალიფიკაციო ტურნირის ექვსივე შეხვედრა რომც წააგოს, მომავალ წელს მაინც ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია.
ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე ფინეთთან ერთად ორი საუკეთესო გუნდი გადის. შესაბამისად, საქართველო, დანია და სერბეთი ორ საგზურს გაითამაშებენ.
დღეს ჩვენს ნაკრებს სერბეთთან მოგება ძალიან სჭირდება, თუმცა, სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, ფავორიტად სტუმრები ითვლებიან. ასე ითვლებოდა სერბეთი ფავორიტად 2020 წლის თებერვალში, წინა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, როცა საქართველომ ბელგრადში მასპინძლები 94:90 დაამარცხა. საპასუხო მატჩში, 2021 წელს სერბეთმა თბილისის ბაბლში 92:66 იმარჯვა.
ტრავმების გამო ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე და ლუკა ლიკლიკაძე. ასევე, თავიდანვე ვიცოდით, რომ აშშ-დან ჩამოსვლას ვერ მოახერხებდნენ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ამავე მიზეზით სერბეთს არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აკლია. ტრავმები აქვთ მილუტინოვსა და ტოპიჩს, ფიბა-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, სერბებმა ვერ მოახერხეს ტრისტან ვუკჩევიჩის გამოძახება, იოვიჩს კი ოჯახში პრობლემები აქვს და მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონებს ვერ დაეხმარება, სმაილაგიჩი და რადოვანოვიჩი ბოლომდე გამოჯანმრთელებულები არ არიან.
26 თებერვალს საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე საბოლოოდ გავა გიორგი ცინცაძე, რომელსაც 20-წლიანი კარიერა ჰქონდა და სერბეთთან შეხვედრა მისთვის 217-ე იქნება. ამ შედეგით ცინცაძე აბსოლუტური რეკორდსმენია ქართველთა შორის არა მხოლოდ კალათბურთში, არამედ სპორტის ყველა სახეობაში. ცინცაძის დებიუტი 2004 წლის 11 სექტემბერს ფინეთთან მატჩში შედგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 85:78 მოიგო.
საქართველოს ნაკრები:
გიორგი ცინცაძე (თსუ), ოთარ ფხაკაძე („გურჯაანი“), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი“), ჯო ტომასონი („მაკაბი“, ისრაელი), რევაზ როგავა („ბათუმი“), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი („კავკასია“), კახა ჯინჭარაძე (თსუ), თორნიკე შენგელია („ვირტუსი“, იტალია), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე („კორუნია“, ესპანეთი), გიორგი შერმადინი („ტენერიფე“, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე („გურჯაანი“), ბექა ბექაური („გურჯაანი“).