საქართველო უელსთან ანგარიშით 43-14 დამარცხდა - იაპონია 2019 (ვიდეო/ფოტო)
საქართველო უელსთან ანგარიშით 43-14 დამარცხდა - იაპონია 2019 (ვიდეო/ფოტო)

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი გამართა და უელსთან დამარცხდა.

ანგარიში უელსელებმა მატჩის დაწყებიდან ორ წუთში გახსნეს. ლელო უელსელთა შუამარბმა ჯონათან დევისმა დადო, გარდასახვა კი დენ ბიგარმა ვერ გაიტანა. დარჩენილ დროში უელსელებმა ერთი ჯარიმა, სამი ლელო და ამდენივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და საკუთარ მონაგარს კიდევ 24 ქულა შესძინეს. ლელოები მე-12, მე-18 და 39-ე წუთზე ჯასტინ ტიპურიკმა, ჯოშ ადამსმა და ლიამ ვილიამსმა გაიტანეს. სამი გარდასახვა კი დენ ბიგარის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და მეტოქის ჩათვლის მოდანზე ბურთის დამიწება ორჯერ მოახერხეს: 43-ე წუთზე ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 29:7 გახდა.

65-ე სუთზე უელსმა კიდევ ერთხელ დაამიწა ბურთი ჩვენს ჩათვლის მოედანზე, ოთხ წუთში კი ლევან ჩილაჩავამაც იგივე გააკეთა (გარდასახვა – თედო აბჟანდაძე) და ანგარიში უკვე 36:14 გახდა.

მატჩის მიწურულს, უელსელებმა ერთი ლელოც დაგვიდეს და საბოლოო ანგარიში – 43:14 დააფიქსირეს.