საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს
საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ, ორი ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებებით 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 120 მილიონი ევრო კი – მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, გაელლე ასაიაჟმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.