საქართველო-საბერძნეთი საქართველოს პირველ არხზე - სანიოლის გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით #1TVSPORT
საქართველო-საბერძნეთი საქართველოს პირველ არხზე - სანიოლის გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში საბერძნეთს უმასპინძლებს. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

 

მხოლოდ კიტეიშვილი

გუნდს ამჯერად მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი დააკლდება, რომელიც ტრავმირებულია. ხოლო ვაკო ყაზაიშვილზე, ლევან შენგელიასა და გიორგი ბერიძეზე უარი თავად ფრანგმა მწვრთნელმა თქვა.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნაკრების ახალი თაობის შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი წიტაიშვილი ერთად არიან, რაც გულშემატკივრებს აიმედებს.

წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო საბერძნეთთან თამაშს გურამ კაშია და გოგა ჩაბრაძე გამოტოვებენ.

ეს შეხვედრა ჯაბა კანკავასთვის საიუბილეო იქნება. საქართველოს ნაკრების ფორმით ეროვნული გუნდის კაპიტანი მე-100 მატჩს ჩაატარებს.

პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა იმედი გამოთქვა, რომ სექტემბრის მატჩით გაბრაზებულ გულშემატკივრებს ახლა მაინც გაახარებენ.

 

ბერძნების შანსი და პრობლემები

საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საბერძნეთის ეროვნული ნაკრებისთვის შანსია, ჯგუფში მდგომარეობა გამოასწოროს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის იბრძოლოს.

ამიტომ ელინების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების დიდი პატივისცემის მიუხედავად, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს.

მაგრამ საბერძნეთის ნაკრებს პრობლემები აქვს. გუნდს ტრავმების ეპიდემია დაერია. ბერძნებს ამ შეკრებაზე შემტევი ნახევარმცველები – დიმიტრიოს პელკასი („ფენერბახჩე“) და გეორგიოს მასურასი („ოლიმპიაკოსი“) დაუბრუნდნენ, მაგრამ ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარებიან ცენტრალური ნახევარმცველები – კარლოს ზეკა („კოპენჰაგენი“, ჯვარედინი იოგები დაუწყდა), კონსტანტინოს გალანოპულოსი (ათენის აეკ-ი, მუხლის ოპერაცია გაიკეთა) და დიმიტრიოს კურბელისი („პანათინაიკოსის“ კაპიტანი). ჯონ ვან სხიპის გუნდს ბოლო ვარჯიშზე გამოცდილი მცველი, „ატრომიტოსის“ მოთამაშე კირიაკოს პაპადოპულოსიც გამოაკლდა.

ბერძნული გამოცემები ამტკიცებენ, რომ ჯონ ვან სხიპი საბერძნეთის ნაკრებს კვლავ 3-5-2 ტაქტიკურ მონახაზით ათამაშებს. გამოცემა „გაზეტას“ ცნობით, ამ ეტაპზე, ვან სხიპისთვის სამი მცველით თამაში პრიორიტეტული სათამაშო სქემაა და შემადგენლობაც დაასახელა.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გუნდის შემადგენლობა ასეთი იქნება: ვლახოდიმოსიხაძიდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი/სტაფილიდისიციმიკასი, ანდრუცოსი, ბუხალაკისი, სიოპისი, ბაკასეტასიპავლიდისი, დუვიკასი.

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრას ფიფა-ს ლიეტუველი არბიტრი დონატას რუმსასი განსჯის – 33 წლის ბალტიისპირელი რეფერი. მისი თანაშემწეები იქნებიან ალექსანდრე რადიუსი და დოვიდას სუსიენტელისი, მეოთხე რობერტას სმიტასი, VAR-ზე კი ნიდერლანდელები, იოკემ კამფისი და ზოი კოუ იმუშავებენ.

 

მაყურებელი და ბილეთები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 სექტემბერს საქართველო-საბერძნეთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. საბჭომ სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაუშვა.

მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი სწრაფად – ერთ დღეში გაიყიდა. 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყო ბილეთების გაყიდვა. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მომიმდინარეობდა და ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარი გახლდათ, დღის ბოლოს ერთი ბილეთიც აღარ დარჩა – 6600 ბილეთი გაიყიდა.

 

ტელე და რადიორეპორტაჟები

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე შედგება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).