საქართველო მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

10:20, 08.10.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქ. მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, Fruit Attraction-ზე საქართველოს პავილიონი მოეწყო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების: „ჯეო აგრო ისთეითის“, „ნიადაგი ჯგუფის“, „აგროლეინის“, „ჯენტრი ინვესტმენტსის“, „აგრითაჩის“, „კოლხური კენკრის“, „აგრო ველის“, „ნამიანი 1“-სა და „ჯეო ორგანიკსის“ სტენდები.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი ესწრებოდნენ.

„საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction-ი ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს შევუწყოთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში“, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ავალიანმა.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების  გამოფენებში მონაწილეობა, რადგან ეს არის კარგი საშუალება, საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩინდეს ქართული პროდუქციის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი. გამოფენა ახალი კონტაქტების დამყარებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა. მისივე თქმით, საელჩო მიესალმება და ხელს უწყობს მეწარმეებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პავილიონს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტაც სტუმრობდა.

Fruit Attraction-ი ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმართება.

მსგავსი