საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია
საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ – „Global Media and Information Literacy Week“, რომლის თანაავტორი და მთავარი სპონსორი საქართველოა.

აღნიშნულ რეზოლუციაში განხილულია არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული გზები,მათ შორის პანდემიის პირობებში და ყურადღება გამახვილებულია სოციალური ქსელების როლზე აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და აღნიშნულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის აუცილებლობა.

ყურადღება ასევე გამახვილებულია ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის გზით ინფორმაციის სწორი შეფასების საკითხში ცნობიერების ამაღლების როლზე. ამ პრობლემატიკასთან გამკლავების მიზნით ნახსენებია, როგორც თითოეული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ერთობლივი თანამშრომლობის, ასევე კერძო სექტორისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა.

აღნიშნული რეზოლუციის მიღების შედეგად, მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კვირეული ყოველ წლიურად 26-31 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება.

საყურადღებოა, რომ საქართველოს მხრიდან რეზოლუციის ინიციატორ ქვეყნებს შორის ყოფნა ხაზს უსვამს საქართველოსთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და მედია თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.