დღეს, თბილისის დროით 15:45 საათზე მადრიდის ცენტრალური უნივერსიტეტის სტადიონზე ესპანეთის მორაგბეთა ნაკრები „ბორჯღალოსნებს“ უმასპინძლებს. „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეორე ტურის შეხვედრა „ლომებისთვის“ პირველია, რადგან ისინი გათამაშების პირველ ტურში ისვენებდნენ.
წლევანდელი და მომდევნო სეზონი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია, შესაბამისად, გუნდებისთვის თითოეულ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
ესპანეთი
„ლომებს“ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. პირველი ხაზი სრულად ფრანგულია. ორი მორაგბე, გუნდის კაპიტანი ფერნანდო ლოპესი და კვაჭი მარკო პინტო „პროდ2“-ის „ბეზიეში“ ირიცხებიან, ხოლო ჯონ ზაბალა კი „ტარბში“ თამაშობს. მეორე ხაზში ესპანეთის შიდა ჩემპიონატის მორაგბეებს ვიხილავთ – ვიქტორ სანჩესს და მანუელ მორას.
ესპანეთში თამაშობს მესამეხაზელი გავიდიც, პიერ ბარტერე („რუანი“) და ფრედ ქუერსი („ნევერი“) კი ასევე საფრანგეთის „პროდ2“-ის გუნდებს წარმოადგენენ. ქუერსიმ პროფესიონალური კარიერა „მონპელიეს“ შემადგენლობაში დაიწყო.
ცხრა ნომერი ტომას მუნილა საფრანგეთის პროდ2-ის „ბეზიეს“ ღირსებას იცავს, ხოლო მგეზავი ბაუტისტა გუემესი კი „ბარსას“ წარმოადგენს. შიდა ჩემპიონატში თამაშობენ გარემარბები ხორდი ხორბა და ბრედლი ლინკლეიტერი. ფულბეკი ჩარლი მალი კი „ტოპ 14“-ის „პო“-ში ასპარეზობს და „ლომების“ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი წევრია. ფრანგულ პროფესიონალურ ლიგაში თამაშობს 12 ნომერი ალვარ ხიმენოც („ბეზიე“), მისი მეწყვილე ალეხანდრო ალონსო „ვალიადოლიდს“ წარმოადგენს.
როგორც ხედავთ, „ლომების“ შემადგენლობაში თანაბრად არიან წარმომადგენლები ესპანეთის შიდა ჩემპიონატიდან (8) და საფრანგეთის პროფესიონალური ლიგებიდან (7), შესაბამისად, „რაგბი ევროპის“ დონეზე შინ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.
საქართველო
პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილებაა, მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს, სხვა შემთხვევებში კი, მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს.
შერკინებაში ექვსი ცვლილებაა – პირველ ხაზში ის მორაგბეები ითამაშებენ, ვინც პორტუგალიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გია ხარაიშვილი.
მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი და დავით გიგაური დაიწყებენ, ხოლო მესამე ხაზში კი ჯალაღონიას, გაჩეჩილაძეს და ცხადაძეს ვიხილავთ, რომელსაც პორტუგალიასთან დებიუტი ჰქონდა.
ცვლილებებია უკანა ხაზშიც. ძირითადში ადგილი მხოლოდ გელა აფრასიძემ და შუამარბებმა – მერაბ შარიქაძემ და გიორგი კვესელაძემ შეინარჩუნეს. გარემარბებად აკაკი ტაბუცაძეს და დემე თაფლაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე ახალგაზრდა დავით ნინიაშვილია. მარქაფაში მგეზავის პოზიციაზე გიორგი ბაბუნაშვილია, რომელსაც დღეს, შესაძლოა, დებიუტი ჰქონდეს.
ბოლო შეხვედრები
ბოლო სამი მატჩი „ბორჯღალოსნებმა“ „ლომებთან“ მართალია კომფორტული სხვაობით, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს. ორ შემთხვევაში (2018, 2020) ზუსტად ერთნაირი ანგარიში 23:10 დაფიქსირდა. მკვეთრად განსხვავებული შედეგი არც 2019 წელს იყო, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა 24:10 იმარჯვეს.
სატურნირო მდგომარეობა
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთმა და პორტუგალიამ მეორე მატჩი უკვე ითამაშეს, პირველი ტურის შემდეგ ხუთი ქულით სატურნირო ცხრილს საქართველო ლიდერობს. მეორე ტურში დასვენება რუსეთს მოუწია, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მომდევნო მეტოქეა.