საქართველო და ჩინეთი მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირებაზე შეთანხმებას გააფორმებენ
საქართველო და ჩინეთი მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირებაზე შეთანხმებას გააფორმებენ

საქართველო და ჩინეთი მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირებაზე შეთანხმებას გააფორმებენ.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მოაწერს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მას უფლებამოსილება უკვე მიანიჭა. თუმცა, შეთანხმების გაფორმების ზუსტ თარიღს ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების გაზრდასა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობას.

დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და ნებართვის ბლანკებს ერთმანეთში გაცვლიან.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.