საქართველო ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ხვალ მიიღებს
საქართველო ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ხვალ მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, 3 აპრილს ქვეყანა ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში „სინოფარმს“ იყენებს უნგრეთი და ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ.

„ხვალ საქართველო მიიღებს ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას. ევროპის ქვეყნებში „სინოფარმს“ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2, +8 გრადუსი. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი, რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა, რაც „ასტრაზენეკასთვის“. ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნას“ ბევრი ქვეყანა იყენებს და არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. გუშინ განახლდა ჯანმო-ს ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებში მითითებულია „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „მოდერნა“. ეს სამი დაწინაურებული ვაქცინაა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯანმო-ს მათთვის ჯერ არ მიუცია.

გლობალურად, ბაზარზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ძალიან რთულია. ამდენად, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მალე მიიღებს „სინოფარმი“, ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა აპრილის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს და ვაგრძელებთ ჯანმო-სთან კომუნიკაციას, რათა ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის “ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე ცნობილი გახდეს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჯანმო-ს ავტორიზაცია, თუმცა სამართლებრივად, უნგრეთის ავტორიზაცია არის ის პირობა, რაც პასუხისმგებლობის გადაზღვევის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველო „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად მზად იქნება მომდევნო კვირიდან.

„მომდევნო კვირიდან ვაქცინაციის დასაწყებად მზად ვიქნებით, თუმცა, გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ვსაუბრობთ ორ კვირაზე. დღეს ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიდის. სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს „სინოფარმის“ გამოყენებისთვის და არჩევანიც შესაძლებელია, მოქალაქემ გააკეთოს, მაგრამ რადგან ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ, მაინც ვფიქრობთ, რომ მეტი ნდობა და კეთილგანწყობა ექნება ვაქცინას, როდესაც მიიღებს ავტორიზაციას. ავტორიზაციის სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში. თუ რამე შეიცვლება გაცნობებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.