საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება #1TVSPORT
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის, რომელიც 7 სექტემბერს თბილისში გაიმართება, ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება, – ინფორმაციას „ჯვაროსნების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას tkt.ge უზრუნველყოფს.
საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით დაიწყებს საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B1 ჯგუფის თამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.