საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული პროგრესი. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის, ძალოვანი უწყებების რეფორმის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა ძლიერი ინსტიტუტებისა და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის განსაკუთრებული როლი.
ასევე, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცებისა და სახელისუფლო შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და ბალანსის გაუმჯობესების საქმეში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი რეფორმების განხორციელება გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე, ალექსანდერ სოკოლოვსკი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე მაიკლ კელერი.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმთავრესი მეგობარი სახელმწიფოა, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს და წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დღევანდელი შეხვედრა, რომლის ფორმატიც მიძღვნილია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თემისადმი, იყო ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული. ამერიკულმა მხარემ მოისმინა, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს საქართველოში და ამავდროულად, ქართულ მხარესაც ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა ამერიკული მხარის რეკომენდაციები. რომლებითაც მიმდინარეობს პროცესები“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრის შეფასებისას.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს.