საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - ფინალი ბათუმში გაიმართება
21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).