საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებენ
საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ. ვანო ზარიაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილით მას შემდეგ დაწერა, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, პირველივე სასესიო კვირაში კენჭი ეყრება ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ამის შემდეგ კი ცესკო პარლამენტს პარტიული სიიდან უფლებამონაცვლეს წარუდგენს.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილება ვანო ზარდიაშვილის მიერ დაწერილი განცხადება, მისი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და შესაბამისად სხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ შვიდი დღე არის განცხადების დაწერიდან იმისთვის, რომ მიეცეს საშუალება დრო პარლამენტის წევრს, რომ გადაიფიქროს. აქვს ამისი საშუალება. ახლა უკვე გავიდა ეს ვადა და ჩვენ შეგვიძლია, ეს საკითხი უკვე განვიხილოთ, ხოლო კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უკვე პირველივე სასესიო კვირაში პარლამენტი ცნობს მისი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამის შემდგომ უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოსული დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების სხდომა სიით შემდგომი პირის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და შემდგომ, რა თქმა უნდა, სესია ცნობს როგორც მის უფლებამოსილებას, როგორც დეპუტატის“,- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში სავარაუდოდ თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

დატოვე კომენტარი